logo
ENG



"გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს" - ხოშტარია ფარცხალაძეზე

14 სექ 202320:06
3 წუთის საკითხავი
 
"გაფრთხილებაა ყველასთვის, ვინც ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს" - ხოშტარია ფარცხალაძეზე

დროას ლიდერი ელენე ხოშტარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, "აშშ-მა ამხილა ქართული ოცნება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციების ჩატარებისთვის".

ხოშტარიას შეფასებით, ფარცხალაძის სანქცირება არის "ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს".

"ფარცხალაძე კერძოდ კონკრეტულად არის დასანქცირებული რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ, სისხლიან ომში რუსეთის დახმარების გამო. ამ დოკუმენტში ცალკე თავად არის გამოყოფილი რუსეთის მავნებლური გავლენა საქართველოში, სადაც ფარცხალაძე, პირდაპირ მონაწილეობს რუსეთის FSB-ს სპეცოპერაციაში, FSB-ს თანამშრომელთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი შეცვალოს რუსეთის სასარგებლოდ, ანუ გავლენა მოახდინოს საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ აზრზე რუსეთის სასარგებლოდ, ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ჩვენთვის კარგად ცნობილია.

ეს სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ერთ-ერთი გამოჩენილი ივანიშვილის კრიმინალი, მაფიოზი, მფარველი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა ომის დაწყების შემდეგ მიიღო, ამასთანავე, ეს არის მთლიანად ქართული ოცნების მხილება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მმართველობის მფარველობის ქვეშ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150 ბიზნესმენსა და ადამიანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

"რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში" - სწორედ ამ ქვეთავში არის განხილული ოთარ ფარცხალაძის სანქცირება.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) თანამშრომელია. როგორც დეპარტამენტი აღნიშნავს, ონიშენკო, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა:

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრება რუსეთში", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ონიშენკო და FSB იყენებდნენ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 


close დახურვა